"სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ ასე თუ გავაგრძელებთ, ამ პოლიტიკით, 2028 წლისთვის მინიმუმ 12 ათას დოლარს გადავაჭარბებთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის განულდება სიღარიბე," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია, რომ თანმიმდევრულად განვაგრძოთ ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე. მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს. ეს ეკონომიკის ნაწილში გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი რას გვეუბნებიან, რომ ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი დოლარი 2021 წლის დასაწყისში და ამ წლის ბოლოს გახდა 30 მილიარდი დოლარი. ასეთი ნახტომი ეკონომიკაში არ გვქონია აქამდე. რთული პროცესები გამოვიარეთ ეკონომიკურად. 2012 წლიდან რაც ვართ ხელისუფლებაში, 2020 წლის ჩათვლით იყო 2 კრიზისი. პირველი კრიზისი უკავშირდებოდა პირველ ომს უკრაინაში. 2015-2016 წლებში იყო სავალუტო კრიზისი და ამან გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. შემდეგ იყო უკვე კოვიდი, რამაც გამოიწვია ეკონომიკის ვარდნა, ინფლაცია და ა.შ. ამის გამო არ გვქონდა სახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა ეს [2020 წლის შემდეგ] სამი წელი იყო განსაკუთრებული. მომავალი წლის პროგნოზიც არის ძალიან კარგი და სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ ასე თუ გავაგრძელებთ, ამ პოლიტიკით, 2028 წლისთვის მინიმუმ 12 ათას დოლარს გადავაჭარბებთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის განულდება სიღარიბე“, - აღნიშნა კობახიძემ.