საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი თანაგრძნობას უცხადებს სრულიად საქართველოს.
ქართულმა ჟურნალისტურმა ოჯახმა და თანამედროვე ქართულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა.
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, არაერთი პრემიის ლაურეატი და საზოგადო მოღვაწე თემურ ჩალაბაშვილი.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბის მუშად, საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის წამყვან რედაქტორად, გამომცემლობა „მერანის“ განყოფილების გამგედ, თსუ ჟურნალისტიკის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკად, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ.
საქართველოს მწერალთა კავშირის ბოლო ყრილობაზე თემურ ჩალაბაშვილი მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარედ აირჩიეს.
თემურ ჩალაბაშვილი იყო ავტორი მრავალი პუბლიცისტური წერილისა. გახლდათ მრავალი წიგნის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი.
მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები თარგმნილია აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ, რუსულ ენებზე.
პოეტს მინიჭებული ჰქონდა დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ლევან გოთუას სახელობის, „საგურამოს“ და „მუზას“ პრემიები, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ქართული პოეზიის რაინდის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდებები, არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ...
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და მისი პოეზიის თაყვანისმცემლებს.
თემურ ჩალაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება პარასკევს, 29 დეკემბერს, 4 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში.
გამოსვენება - შაბათს, 30 დეკემბერს, 2 საათზე სიონის ტაძრიდან.
დაკრძალვა - მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.