logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩებს მოუსმინა
- +

29 დეკემბერი. 2023. 18:38

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წლის ბოლო სხდომაზე,  რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს მოუსმინა.

 

კომიტეტის წევრებს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გააცნო.

 

„2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები საკმაოდ დატვირთული იყო. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

მისი თქმით, მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ.

 

 დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

„ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წელს 1 მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენს დერეფანს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი სატრანზიტო თვალსაზრისით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. საუბარია შუა დერეფნის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე, რათა უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენს რეგიონში და ამ კონტექსტში აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება. მომდევნო წლის დასაწყისში, დასრულდება ამ პროექტის გაფართოება და შესაძლებელი იქნება ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე ტვირთების გატარება რკინიგზით, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას და ხელშეწყობას“, - განაცხადა ელჩმა.

 

მისივე თქმით, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკება საერთაშორისო პროექტზე, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას.

 

მომხსენებელმა ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე და კულტურულ- ჰუმანიტარულ ურთიერთობებზეც   ისაუბრა.

 

„თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელი ქვეყანაა. ის არის  როგორც ეკონომიკურად ასევე, პოლიტიკურად  ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. თურქეთი საქართველოსთან მიმართებაში არის ლიდერი სახელმწიფო პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

 

მისი ინფორმაციით თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 11 თვის განმავლობაში 2 მლრდ. 750 მლნ შეადგინა.

 

„ტურიზმთან მიმართებაში სტატისტიკა ძალიან მაღალია, ასევე, ინვესტიციების მიმართულებითაც თურქეთი ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, საიდანაც 2 მლრდ-ზე მეტია საქართველოში ინვესტირებული“, - განაცხადა ელჩმა.

 

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა მაღალი რანგის ვიზიტების შესახებ.

 

„ჩვენი ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასთან არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც მაღალი დონის ვიზიტებზეც აისახება. ასევე გაღრმავებულია სამოქალაქო საზოგადოების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენი ურთიერთობის ეკონომიკურ მდგენელს - გვაქვს დიდი ზრდა. სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდს გადააჭარბა. ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 41%-ით. სომხეთთან გვაქვს მრავალმხრივი პროექტები, მათ შორის ენერგეტიკული და ვაჭრობის. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შედგენა“, - განაცხადა სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ.

 

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა განათლების და კულტურის მიმართულებით არსებულ ურთიერთობებზე. მისი თქმით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში იანვრიდან ქართველოლოგიური  ცენტრი გაიხსნება.

 

მოხსენებების შემდეგ კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner