"დანაშაულებრივი პოლიტიკური ჯგუფები პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდნენ. ეს არა მხოლოდ მმართველი გუნდისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არამედ საზოგადოებისაც," - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა და რატომ წამოიჭრა ეს ინიციატივა ახლა.
„ზოგი სვამს კითხვას, რატომ შევარჩიეთ ეს დრო, აქამდე რატომ არ მოხდა? სრულიად დამსახურებულად ეს საყვედური მმართველ გუნდს ეკუთვნის. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლობა რომაა პარლამენტში, აქ უფრო მეტი წინდახედულობა სჭირდება ამომრჩეველს, რათა ისეთი გარემო არ შექმნას, რომ მათ თუნდაც თეორიული პერსპექტივა დარჩეთ და ეს პერსპექტივა შემდეგ რეალობად იქცეს.
ჩვენ დაველოდეთ ამ თემას კიდევ ერთი მიზეზის გამო - მისაღები იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ზედმეტი სიმძიმეები არ იყო საჭირო, თან მანამდე ამის გაჟღერება არაფერს იძლეოდა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა გარკვეული ჯგუფებისათვის რაღაცის საბაბი ყოფილიყო. პირველად არ გვითქვამს არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრებს, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაანონსება არ გაგვიკეთებია.
რატომ ვაკეთებთ ახლა, იმიტომ რომ დღეს ამ სიმართლის თქმას პოლიტიკური წინაღობა არ ექნება. ჩვენ რომ ეს განვახორციელოთ, საჭიროა მომავალ პარლამენტში რაც შეიძლება მინიმალიზებული იყოს დეპუტატებისა და პოლიტიკური პარტიების სახით ასეთი დანაშაულებრივი წარმომადგენლობა, რათა ეს იყოს რეალურად მიღწევადი. ზოგმა ინიციატივა აღიქვა წინასაარჩევნო თემატურ ტრიუკად, მაგრამ ეს არ არის ტრიუკი და დროშიც სწორადაა გათვლილი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა ამის დაშვება და ხომ არ იქნება მსოფლიო ასპარეზზე პრობლემა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ასეთი პრეცედენტი იყო მოლდოვაში, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით იქაური ოპოზიციური პარტიის ქმედებებს არ მოჰყოლია ისეთი მძიმე შედეგები, როგორიც საქართველოში "ნაცმოძრაობის" დანაშაულებს მოჰყვა. „რა თქმა უნდა, იქნება ისეთი მიდგომა, როგორც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით იყო, როცა ქართულად ნათარგმნი ამერიკული FARA მაინც რუსული იყო, თუმცა საბოლოოდ ქართული ვარიანტი ევროპაში ტრანსპორტირდა, ანუ იქ იღებენ ამ კანონს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, თუ რატომ უნდა გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობა" - იმიტომ, რომ არავინ გაბედოს მსგავსი პრეცედენტი რომელიმე ხელისუფლების დროს, სურვილიც არ გაუჩნდეს იმის, რომ ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ გარკვეული თამაშები (დაკვეთით თუ დაკვეთის გარეშე) აწარმოოს საკუთარ ქვეყანაში,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.