საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის სამეგრელოში სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს, მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარს ესტუმრა. იგი ძეგლის მდგომარეობას მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასა და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მღვდელმსახურ მამა ილია სარიასთან ერთად გაეცნო.
2016 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამაგრდა ტაძრის საძირკველი და მთელ პერიმეტრზე გაკეთდა დრენაჟი. 2018 წელს სააგენტოს დაფინანსებით მხატვარ-რესტავრატორმა მერაბ ბუჩუკურმა თავის ჯგუფთან ერთად ჩაატარა ტაძრის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ მკლავებს შორის სივრცის მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოები.
2019 წელს სააგენტოს დაფინანსებით იმავე ჯგუფმა ჩაატარა ტაძრის საკურთხევლის, სადიაკვნოს, დასავლეთ მკლავის, სამხრეთ მკლავისა და სამხრეთ-დასავლეთ მკლავთაშორისი სივრცის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. მინისტრმა ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, გიორგი კალანდიასა და მამა ილია სარიასთან ერთად იმსჯელა ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე, ასევე, ლევან II დადიანის საფლავის ქვის კონსერვაციისა და ქვის წარწერის შენარჩუნების აუცილებლობაზე. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი X-XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ნაგებია კარგად თლილი ქვით და შემდეგ არის შელესილი. ტაძარს სამი მხრიდან აქვს გარს შემოსავლელები, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისა გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეკვდერად. ეკლესიის გუმბათი ათი წახნაგისაგან შედგება. თითოეულ წახნაგში დატანებულია თითო ვიწრო სარკმელი. ტაძრის ყველა კედელი მოხატულია.
ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წელს. იმავე წელს განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.
ლინკი: