ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით 27 და 28 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე) ბავშვთა მასობრივი ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი იოსებ ბაღათურია დაესწრო.
ფესტივალი „ფეხბურთი ყველას“ ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს ასამდე მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვი - 11-იდან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები სხვადასხვა რეგიონიდან (თბილისი, ქუთაისი, თერჯოლა, ღვანკითი, აკეთი, დმანისი), რომლებიც ადგილობრივი ტურნირების შედეგად შეირჩნენ.
შეჯიბრებამ ერთი გოგონათა და ერთიც ვაჟთა გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
გამარჯვებულებს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ვაჟთა გამარჯვებული გუნდები: პირველი ადგილი - ლანჩხუთის „გაგური“; მეორე ადგილი - ღვანკითის „ნორჩი იუნკერები“. გოგონათა გამარჯვებული გუნდები: პირველი ადგილი - ქუთაისის ბავშვთა გუნდი; მეორე ადგილი - გუნდი „იმერეთი“. საუკეთესო ფეხბურთელი ბიჭი - ბექა ირემაძე; საუკეთესო მეკარე ბიჭი - თომა თოხაძე; საუკეთესო ფეხბურთელი გოგონა - თამარ მარუაშვილი; საუკეთესო მეკარე გოგონა - ნინი ბალანჩივაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება წელს პირველად გაიმართა. ღონისძიებაზე წარმატებული ფეხბურთელებისა და სხვა ცნობილი ადამიანების წამახალისებელი ვიდეორგოლები უჩვენეს; შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ამდე ბავშვი მონაწილეობს. უკვე მეშვიდე წელია, რაც ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, რეგიონებში არსებულ ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა და აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.
ღონისძიება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ მხარდაჭერით იმართება.
ლინკი: