ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ - სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.
დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის.
ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.
ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე“,- აღნიშნა ივანიშვილმა.