ირაკლი ღარიბაშვილმა სასაცილო უწოდა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ გაძლიერებაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში - დიად, ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად „დაბუსტავს“, გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს. უფრო მეტად სტაბილურს, განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაზე თავად მოისმინეთ ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს აღარ არსებობს უკვე, განადგურებულია პრაქტიკულად. არ ისმის ოპოზიციის არცერთი ნორმალური, საღი კრიტიკა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.