„ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარეთ რაღაცებს გეგმავენ, დიდად ვერ გრძნობენ ქვეყანაში სიტუაციას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ მესამე ძალაზე გვისაუბრია, აქ მოიაზრება რამდენიმე ადამიანი - ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია. ასეთი სიმბიოზი, ეკლექტური გაერთიანებაა მოაზრებული. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარეთ რაღაცებს გეგმავენ, დიდად ვერ გრძნობენ ქვეყანაში სიტუაციას. ერთი, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანების ერთობით რაიმე წარმატებას მიაღწიო, მეორე, რომ არაერთხელ დაუშვიათ მათ შეცდომები, როდესაც აქცენტს აკეთებდნენ ჯერ ბოკერიაზე, მერე ხაზარაძეზე, მერე მელიაზე, ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ ეს მესამე ძალის მცდელობა. რატომ, იმიტომ, რომ მესამე ძალას ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“ და „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო. ეს არის მეოთხე შეცდომა, რომელსაც მეოთხე ჯერზე უშვებენ ეს ადამიანები“,- აღნიშნა კობახიძემ.