„სოლიდარობის ფონდის" თანამშრომელი ბექა მჭედლიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, პაატა ბურჭულაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ბიძომ ბურჭულაძემ სამჯერ გადაიხადა სამოცი წლის თავიო და სამჯერ დამპატიჟა და არ მივედი არცერთხელო.
ტიპმა თავის დაბადების დღე გადაიხადა სამჯერ! უუუუ ბურჭუუუუ"
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრესაში წაიკითხა ლევან ბერძენიშვილის განცხადება,- ასეთი არაბუნებრივი გაერთიანება ვერ მოხდებოდაო, კერძოდ, კუბლაშვილს, ვაშაძეს და კაციტაძეს გულისხმობდა.
„ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება, კუბლაშვილის და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „ახალი მემარჯვენეები" იყო ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა - ლეიბორისტული პარტია. დანარჩენებიც - „ქდმ" ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ „ნაცები". კაციტაძე იყო ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის" წევრი. მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო? ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის ოდესაში, ფოტოებიც გამოქვეყნდა.
„გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები, რომ მოვიდა. ნახეთ, სააკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა, იქ დადის ძირითადად ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელია, ეს კაცი არ მინახავს. ნაწყენი ვიყავი იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ვთხოვე, გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა და არც ერთხელ არ მივსულვარ. ბერძენიშვილს თუ არ წაუკითხავს ბურჭულაძის განცხადებები, წაიკითხოს, აბსოლუტურად თანხვედრაში იყო „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებთან. ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ „რესპუბლიკელები" და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან და მკითხაობას თავს დაანებენ, კარგი იქნება. ობიექტური საფუძველი არ გააჩნიათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.