logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციებია
- +

30 დეკემბერი. 2023. 15:49

 

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

 

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ რიგით მეშვიდე ყრილობის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით: თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? თუ ქვეყანას გარედან მართავდა, მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებდა ამას, როგორც თქვენ ამბობთ. მაშინ რატომ დაბრუნდებოდა?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ღიად აქვს გაცხადებული ქვეყნის განვითარების გეგმა, რაც რეფორმების გაგრძელებასა და ევროკავშირთან მეტად დაახლოებას გულისხმობს.

 

„ჩვენს გუნდს აბსოლუტურად ღიად აქვს გაცხადებული თუ რა გვაქვს გეგმაში, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება და რა ნაბიჯები იდგმება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც ევროინტეგრაციის რთულ გზაზე გაკეთდა, რა მიღწევებიც გვქონდა, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner