logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში აშკარად პოზიტიური მოლოდინების წინაპირობაა. ვემზადებით დიდი მოვლენებისთვის!
- +

31 დეკემბერი. 2023. 14:04

 

 

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების პოზიტიური შედეგების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ორი წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება გაჯერებული. ეს მოვლენები კი მთავარი პირის უშუალოდ „ჩარხთან“ დგომას ითხოვს. რა მოვლენებთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

 

  1. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი კოალიციურ მთავრობას ითხოვს, რათა ადვილად მართოს პოლიტიკური პროცესები ჩვენს ქვეყანაში, „ოცნება“, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2025 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება მოხდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების ხასიათი მეორე საკითხის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული.

 

  1. პრემიერ ი. ღარიბაშვილის განცხადება ცხადყოფს „დაბრუნების“ ერთ-ერთ მთავარ მოტივს: „ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი და ოცნება არის ქვეყნის გაერთიანება, ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად, ამ დიდ, ეროვნულ საქმეში მისი როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი“.

 

ქვეყნის გაერთიანების კონტურები ჩანს, აზრი მწიფდება რუსეთშიც და თუ ხელისუფლება გეგმაზომიერად გაჰყვება ამ საკითხს, ხალხი მხარს დაუჭერს. კარნეგის ევროპული ცენტრის და მიქელაძის ფონდის კვლევით, თუ ასარჩევად იდგება საკითხი: ერთი მხრივ ნატო და ევროკავშირი და მეორე მხრივ ტერიტორიული მთლიანობა, ქართველების 78% ტერიტორიულ მთლიანობას ირჩევს.

 

თუ ეს საკითხი დაიძრა მკვდარი წერტილიდან, სავსებით ნათელია ივანიშვილის დაბრუნების მნიშვნელობა, ეს იმ რანგის თემაა, რომელიც უშუალოდ მან უნდა მოაგვაროს, თანაც ოფიციალური სტატუსით. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა შესაძლოა არ იყოს ამ მისიისთვის საკმარისი და ივანიშვილი ქვეყნის პრეზიდენტად ვიხილოთ. 

 

  1. ბ. ივანიშვილის განცხადება, რომ „სანქცირებული ვარ, უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიყინეს“ - კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზეწოლა საქართველოზე მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ნამდვილად იყო, არის და გრძელდება. ამდენად, ივანიშვილს საქართველოს და საკუთარი თავის უბედურებისგან დასაცავად აქტიური სტატუსი სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ეს მშვიდობიანი გარემო, როდესაც რუსიც და უკრაინელიც საქართველოს თავშესაფრად იყენებს, თავისით არ მოსულა და უღრუბლო ცა ივანიშვილის პირადი რისკების და მსხვერპლის ხარჯზე გვაქვს.

 

  1. უცხოეთის კმაყოფაზე მყოფი ნეოლიბერალური ოპოზიცია „პლინტუსის“ ქვემოთაა. ივანიშვილმა მთელი „მეხუთე კოლონა“ თავის უცხოელ დიპლომატებიანად „ჭაში ნაჯაჯგუნებ ვედროს“ დაამსგავსა. მათი კოლექტიური რეიტინგი 12%-ია, ნებისმიერ საზოგადოებაში მარგინალების რიცხვი ზუსტად ამდენს შეადგენს. ოპოზიციას და მათ მედიას ცოტა თუ უსმენს. ქვეყანა ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი. ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანი „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“. ეს საშური საქმეა. კონტროლის გამკაცრება თუ მოხდება, ხალხი იხეირებს და ეკონომიკის ზრდის ტემპს 2-3% დაემატება. სწორედ ამ „ადამიანური ცდუნებების“ გამო არის კარტელის ელემენტები სხვადასხვა სფეროში: საწვავი, აფთიაქები, სურსათის იმპორტი, სურსათით საცალო ვაჭრობა, სასუქები, თხილი... სოფლის მეურნეობა საერთოდ მიტოვებულია და ფრაგმენტული სუბსიდიებით ხდება პოლიტიკის იმიტაცია. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა საბანკო-საფინანსო სექტორია, რომელიც არ მუშაობს ქართული ეკონომიკის ინტერესების შესაბამისად და მსოფლიოში ყველაზე მაღალ მოგებებს აფიქსირებს წლიდან წლამდე.

 

  1. ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში აღძრავს იმედს, რომ იქნებ ამჯერად მოხერხდეს მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ქართული ტვინების მობილიზება საქართველოსთვის და სახელმწიფოს შენების ახალი გეგმის შემუშავება, რომლითაც დავუსხლტებით თავს მოხვეულ ნეოკოლონიალურ მოდელს. ნეპოტიზმი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. უვიცის მიერ მართული დარგი, სფერო, რეგიონი, სექტორი ვერ განვითარდება, პირიქით ზიანს, მოიტანს. ჩვენ მერიტოკრატია გვჭირდება.

 

დასკვნა: ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში აშკარად პოზიტიური მოლოდინების წინაპირობაა. ვემზადებით დიდი მოვლენებისთვის“, - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner