„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებაა და რეალურად სულ სხვა პერსპექტივა ეძლევა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
პრემიერმა განვლილი წლები შეაფასა და აღნიშნა, რომ, „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით ის, რაც პრაქტიკულად ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერც ერთმა მმართველმა ვერ შეძლო. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის აღიარება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება და რეალურად სულ სხვა პერსპექტივა ეძლევა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ამ გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო იწოდება ევროპულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.