logo_geo
eng_logo
მარხილი უკვე საჩუქრებითაა გადატვირთული, ელფები ამ დრომდე წერილებს ახარისხებენ და პატარების სურვილების ასრულებას იწყებენ - მსოფლიო 2024 წლისთვის ემზადება
- +

31 დეკემბერი. 2023. 23:20

 

 

საახალწლო სამზადისი ყველაზე ადრე ჩრდილოეთ პოლუსზე იწყება. წლის ამ დროს, როვანიემი დიდებისა თუ პატარებისთვის ლაპლანდიის ყველაზე საყვარელი კურორტი ხდება – სწორედ აქ ატარებს უდიდეს დროს სადღესასწაულო სამზადისში, ყველასათვის საყვარელი საახალწლო პერსონაჟი სანტა–კლაუსი.

 

სადღესასწაულოდ, სანტას ოფისი და ფოსტა, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების წერილებს იღებენ და შემდეგ სანტას გადასცემენ. წერილის შედგენასა და გაგზავნაში, მსურველებს მხიარული ელფები ეხმარებიან. ჩრდილოეთის ეს ულამაზესი კუთხე, შობა-ახალი წლის დღესასწაულის მთავარი გმირის გარეშეც მიმზიდველია.

 

ტურისტული კოტეჯები, უამრავი მაღაზია და რესტორანი. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი. ზღაპრულ გარემოს კიდევ უფრო ამაღელვებელს, ირმებისა და ჰასკების მარხილით გასეირნება ხდის.

 

ვანილისა და დარიჩინის არომატი, ტკბილეული, მოციმციმე შუქები, ქუჩის კონცერტები და პატარა ხის სახლები- წინასადღესასწაულოდ ევროპის ქალაქებში ჯადოსნური გარემოა.

 

საშობაო განათებებით განსაკუთრებულად ბრწყინავს პარიზი. ეიფელის კოშკიდან შანზ- ელისემდე საახალწლოდ მორთული დეკორაციები, პარიზში ჩასულ ტურისტებს, შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს. საფრანგეთის დედაქალაქი 2024 წლის დასახვედრად ემზადება, სადღესასწაულოდ მოწყობილია მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები.

 

ბრიუსელის საშობაო ბაზრობაზე ტურისტები ადგილობრივებთან ერთად ბელგიურ დელიკატესებს აგემოვნებენ. სადღესასწაულო გარემოს, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის გრან-პლასის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე და ფერადი დეკორაციები.

 

ფერადი ნაძვის ხეები და დეკორაციები - წელს თვალისმომჭრელად გამოიყურება იტალიის დედაქალაქშიც. 300 000-ი სინათლის ბურდულისგან აწყობილი რომის საშობაო განათებები მშვიდობის თემაზე შეიქმნა. მანათობელი ხალიჩის გიგანტური დეკორაცია Piazza Venezia-დან Piazza del Popolo-მდე ვრცელდება.

 

სპეციალურად შეყვარებული წყვილებისთვის რომანტიკული სელფის გადასაღებად მოეწყო ოქროსფერ- თეთრი 15 მეტრიანი ნაძვის ხე. მის ორიგინალურობაზე ფრანგულმა მოდის სახლმა "დიორმა" იზრუნა. ნაძვის ხე, სადღესასწაულოდ ოქროს პეპლებითა და სუნამოების ფლაკონებით მორთეს.

 

საშობაო ბაზრობები, ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში იხსნება ლონდონში. ინგლისის დედაქალაქი სადღესასწაულოდ თვალისმომჭრელად გამოიყურება. ზღაპრულ სამაყროს ქმნის ფერადი განათებები და გიგანტური დეკორაციები. ტურისტები ქალაქის პანორამული ხედით ტკბებიან და ცხელ გლინტვაინს აგემოვნებენ .

 

სადღესასწაულო განწყობა და ხალხმრავლობაა 2024 წლის სამზადისისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ტრადიციას არ ღალატობს ნიუ- იორკი სადაც წელსაც ყველაზე გამორჩეული ნაძვის ხე განათდა. მეგაპოლისში, როკფელერის ცენტრთან, საშობაო ნაძვის ხის დადგმა სათავეს ჯერ კიდევ 1933 წლიდან იღებს. 24 მეტრი სიგრძის ხეს, წელსაც, სვაროვსკის ვარსკვლავი ამშვენებს, ნაძვი 30 მილიონი მოციმციმე კრისტალითაა დაფარული.

 

წლის ამ დროს, ჯადოსნურ სამყაროდ გარდაისახება შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციაც. ამერიკის პირველმა ლედიმ, 2023 წლის თემად მაგია, საოცრება და სიხარული აირჩია. თეთრ სახლში ზღაპრულ გარემოს 98 ნაძვის ხე, 140 ათასზე მეტი განათება და სხვადასხვა საშობაო დეკორაციის სინთეზი ქმნის .

 

მსოფლიო 2024 წლისთვის ემზადება. 2023 წლის უკანასკნელი წამების ათვლისთვის კი, სულ ცოტა დრო რჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner