29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დასავლეთისთვის იმის შეხსენება უნდა იყოს, რომ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ უარი არ უთქვამს თავის აგრესიულ გეგმებზე, ხოლო ამაზე საუკეთესო პასუხი იქნება უკრაინისათვის აშშ-ის მხრიდან ფართომასშტაბური სამხედრო დახმარების აღდგენა, - წერსამერიკული გაზეთი The Washington Post-ი თავის სარედაქციო სტატიაში.
"პუტინი დარწმუნებულია, რომ მან გაუძლო უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობასა და დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს. ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ყურადღება და მტკიცე განწყობა აუცილებლად შეირყევა", - ნათქვამია სტატიაში.
გაზეთი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან საჰაერო ტერორი ხდება უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების შეწყვეტის ფონზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს უკრაინისათვის მაკროფინანსური დახმარების გაწევას, აშშ-ში "რესპუბლიკელები" ბლოკავენ იარაღის ახალ მიწოდებას.
"საუკეთესო პასუხი არის ის, რომ კონგრესმა და თეთრმა სახლმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც დაეხმარება უკრაინას", - წერს გაზეთი The Washington Post-ი.
გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პროგრამის მიღების გარეშე, შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწევთ 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემა, რასაც ექნება გარკვეული რისკები დასავლეთის ქვეყნების ფინანსური სისტემისთვის, რომ "აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს თანხები იქნება საჭირო უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის".