„წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ "- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
"ეს არის მძიმე წარსული, რომლისგანაც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთების კვალდაკვალ. იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" გავლენები და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევები საბოლოოდ დასრულდება. პრეზიდენტის მხრიდან ნომინირებულ კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ. კანდიდატი,რომელიც პარლამენტისგან დასახელდება, კვალიფიციური და საზოგადოებისგან მაღალი ნდობით აღჭურვილი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
მან ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ თანამდებობაზე უფრო სხვა წარსულის და სანდო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის დანიშვნას ისურვებდა, რადგან უშიშროების საბჭოზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იხილება.
"ვანო მაჭავარიანს აქვს მჭიდრო კავშირები "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი არ არის. ეს პარტია სისტემურ დანაშაულთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან ასოცირდება და ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა შესაძლოა, ამ ორგანოს დისკრედიტაციის საფუძველი იყოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.