რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეხ ალ-არურის მკვლელობა ისრაელის შემზარავი აგრესიის შედეგია.
ჰასან ნასრალას თქმით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმების რეალური მიზანი ყველა პალესტინელის ტერიტორიიდან გაძევებაა.
"ჩვენ დავინახეთ დიდი საფრთხე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ დავინახეთ წინააღმდეგობა", - აღნიშნა რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
ნასრალამ ისრაელი დაადანაშაულა ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ "გენოციდის ყველაზე დიდი ომის წარმოებაში".
მან ასევე აღნიშნა, რომ "სწორედ ამერიკელები აფერხებენ ომის დასრულებას ღაზაში".
"რაც მოხდა 7 ოქტომბრის შემდეგ და რაც მომავალში მოხდება, ამან დაასუსტა ისრაელი. ჩვენ არ გვეშინია ომის", - დასძინა მან.
2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.