მხოლოდ უკრაინელებს აქვთ უფლება დაიღალონ ომით, რადგან ისინი კარგავენ საყვარელ ადამიანებს, სახლებს და ხშირად საკუთარ სიცოცხლეს, - განაცხადაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
"მედიაში გვესმის, რომ ევროპის ქვეყნებში "ომით დაღლილობა" იზრდება. სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეს ფრაზა. მხოლოდ უკრაინელებს აქვთ უფლება დაიღალონ ომით, რადგან სწორედ ისინი კარგავენ საყვარელ ადამიანებს, სახლებს და ხშირად საკუთარ სიცოცხლეს. უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს დამოუკიდებლობას. ისინი იბრძვიან ერის გადარჩენისთვის და საყვარელი ადამიანების უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სიკორსკის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოცხადება, არამედ ყოველ ნაბიჯზე იმის ხაზგასმა, რომ ეს შეესაბამება ევროპის ეროვნულ ინტერესებს.
"უკრაინული ძალები აგრესორს ევროკავშირის საზღვრებიდან შორს აკავებენ. ვლადიმირ პუტინის შესაძლო წარმატება არ დაასუსტებს მის ამბიციებს. პირიქით, ეს იქნება სიგნალი კრემლისთვის, რომ აგრესიას შედეგი მოაქვს", - განაცხადა მან.
"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ისტორიაში უკანასკნელი კოლონიალური ომია. მე მივიჩნევ, რომ რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი. ეს არა მხოლოდ უკრაინისა და დანარჩენი დემოკრატიული ევროპის, არამედ თავად რუსების ინტერესებშიც შედის. მხოლოდ რუსეთი, რომელიც მოკლებული იქნება იმპერიულ ამბიციებს, იქნება ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ააშენოს პროგნოზირებადი, სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც იზრუნებს თავისი მოქალაქეების ინტერესებზე და არ გააგზავნის მათ სასიკვდილოდ", - დასძინა სიკორსკიმ.