იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27% გახდა.
მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.
„ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“,- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".
მისივე თქმით, გრიპი გადამდებია და ინფიცირებული ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია.
„რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში.
გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.