logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: ბავშვები მოარიდეთ, ერთ ისტორიას მოვყვები...
- +

13 სექტემბერი. 2016. 00:31


 

ცოტნე გამსახურდია  იხსენებს:


 

„ბავშვები ეკრანებს მოარიდეთ, ერთ ისტორიას მოვყვები. ასე, ოცი წლის წინ, მუცელში დამჭრეს მოსკოვში. ღამით ვიღაც რამოდენიმე გარეწართან ვიჩხუბე. არ დავიწყებ ტრაბახს, მოკლედ, ინციდენტის ადგილიდან ჩემით წამოვედი - მკერდიდან მუხლებამდე სისხლიანი. და ისევ მე დამიჭირეს... დაახლოებით ორსაათნახევარი ვიჯექი .. „აბიზიანნიკში" მილიციის განყოფილებაში. ბოლოს, როგორც იქნა, ბოტკინის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ასე, ორ ლიტრამდე სისხლი მქონდა დაკარგული.

 

საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, რიგში დამაყენეს. ჩემ წინ, მაგალითად, იყო ვიღაც ლოთი, რომელსაც ცოლმა ტაფა ჩაარტყა სახეში. ასე, ერთი საათის მერე ჩემი რიგიც მოვიდა და შემიყვანეს საოპერაციოში. მესმის, რომ ფილმის სიუჟეტივითა ჟღერს, მაგრამ მართლა ასე იყო... ვაკლებ, თორემ არაფერს ვამატებ.

 

საოპერაციო ბლოკში ვიღაც სამოცდაათ წლამდე ექიმი გამოჩნდა. მუცელში ნოვოკაინი გამიკეთა და დაიწყო ჭრა. აბა, ვნახოთ აქ რა ხდებაო... ნოვოკაინი მე კბილის გასაყუჩებლად არ მყოფნის. ავტეხე გინება, სიმწრისგან გავწყვიტე ღვედი, არ მინდა თქვენი არაფერი, მოვკვდები, თქვენ ჰიტლერის შთამომავლებო მეთქი... არა, უშავს, თუ ჩაძაღლდები! შენისთანა აქ ბევრი კვდებაო, მეუბნება შვილიშვილისტოლა ბიჭს. ექთნებიც მხარს უბამენ. ობიექტურობისთვის დავწერ, რომ წლების შემდეგ ქართველი ექიმებისგან არანაკლები არაადამიანობა მინახავს, თუ მეტი არა. საქმე რომ რუსებში არ იყოს მხოლოდ...

ხმაურზე ვიღაც კაცი გამოვიდა. მაღალი, ულვაშებიანი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული იქნებოდა. იყო მასში რაღაც კავკასიური, თუ მონღოლურიც... იმ წუთას ვერ დავადგინე. დგას და მიყურებს. მერე მეუბნება, ახლა თუ არ გაჩუმდები, ისეთს ჩაგარტყამ, კბილებს დაგაყრევინებო. თუ აქედან ცოცხალი ავდექი, შენ აქ დაწვებიმეთქი, იხტიბარი არ გავიტეხე, წავიდა. აღმოჩნდა - ოსი. თურმე იმ დღეს ქართველი ქირურგი გვიანობამდე აკეთებდა ოპერაციას და სახლში ვეღარ წავიდა, იქვე დარჩენილა. მივიდა ეს ოსი კაცი და გააღვიძა: შენი "ზემლიაკი" მოიყვანეს, ბუინობს და რამე უშველეო. ასე გადამარჩინა თამაზ გვალიამ...

 

 

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და თამაზმაც, მეგრელებისათვის დამახასიათებელი კოლუმბის ჟინი გამოავლინა, და დღეს სამხრეთ აფრიკაში მუშაობს. დღეს მისი ოცი წლის ვაჟი, ჩემი სეხნია მოვიდა და მარტინ ლუთერ კინგის და ნელსონ მანდელას წიგნები გადმომცა საჩუქრად. აზრზე არ ვარ, საიდან ახსოვდა, რომ ორივე ჩემი საყვარელი ფიგურაა.

 

INJUSTICE ANYWHERE IS A THREAT TO JUSTICE ANYWHERE - ასეთი წარწერა აქვს ერთერთ წიგნს, რომელსაც "თავისუფლებისკენ სწრაფვა" ჰქვია... აფსუს, როგორ გვჭირდება ახლა ერთი მარტინ ლუთერ კინგი...

და მარტინ ლუთერიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს გავაგრძელოთ..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner