რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ლიბანი დაუცველი იქნება, თუ პასუხი არ გაეცემა „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეხ ალ-არურის მკვლელობას.
"ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად ვიჯდეთ შუა ომის დროს ამ მკვლელობის ფონზე. ეს მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
"პასუხი მოდის. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საქმე ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ადგილზე", - განაცხადა ნასრალამ.
2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.