უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე:
„რაც 2011 წლის 25 მაისის ღამეს მოხდა, ეს ყველამ ვიცით და დეტალურად აღარ გავიმეორებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რა უბედურება დაატრიალეს ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის თავზე. სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე რუსთაველზე მაღაზიის თავზე აღმოაჩინეს, ვითომ დენმა დაარტყათ და ისე გარდაიცვალნენ. სულიკო ასათიანი იყო ვანელი, ჩემი რაიონიდან. მე კარგად ვიცნობდი, ბუნებით გახლდათ ოპოზიციონერი და აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
1990 - იან წლებში შვილი დაეღუპა, მერე ეკლესიაც ააშენა, მორწმუნე იყო. 27-ში მისი მეუღლე, შორენა წავიდა რაიონის ცენტრში, უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა, ჯერ კონკრეტულად არაფერი იცოდა. მან სახლთან ახლოს დაინახა თეთრი "პიკაპი", რაც საეჭვოდ მოეჩვენა, მაგრამ გზა მაინც გააგრძელა. ჩავიდა ვანში, იქ ვერაფერი ვერ გაარკვია და შუადღეს ისევ დაბრუნდა სახლში, ახლა შვილი არ დახვდა. ეს 27 წლის ბიჭია. დაიწყეს ძებნა, ატყდა ერთი ამბავი და როგორც იქნა, ღამის 2 საათზე დაბრუნდა. თვითონ ამბობს, სწორედ იმ „პიკაპით" წაუყვანიათ ქუთაისის უშიშროებაში, რომელიც დედამისმა დაინახა. იქ გაუმხელიათ, მამაშენი დენით გარდაიცვალაო. ამის შემდეგ ბიჭი დაამუშავეს, დააშინეს, ხმა არ ამოიღოთ ოჯახმა, ხვალ ჩამოასვენებენო.
მესამე დღეს გვამი ჩამოუტანეს თბილისიდან, ფაქტობრივად გახრწნა იყო უკვე დაწყებული. დაკრძალვაზე მეც ჩავედი, 50 კაცზე მეტი არ მოვიდა. მაშინ ყველას აშინებდნენ, ერთი აქტივისტი ჰყავდათ, ვინმე პაიკიძე, სოფელში 50-50 ლარს არიგებდა, ოპოზიციის წარმომადგენლები რომ მოვლენ, ქვები დაუშინეთო. ვითომ ეს კაცი ოპოზიციამ მოკლა, მიტინგზე ძალით წაიყვანეს რუსეთის აგენტებმაო. არც ოპოზიციიდან მოსულა ვინმე, მარტო ვიყავი და რაკი იქაური ვარ, ქვები ვეღარ დამიშინეს.
გარდაცვლილის სახლთან არის სკოლა, რომლის ეზოშიც იდგნენ გამგეობის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ, ვინ მოვიდოდა, ვინ წავიდოდა. მე სპეციალურად გავაჩერე პროცესია და დავათვალიერე მიცვალებული, მარცხენა თვალი არ ჰქონდა, ჩავარდნილი იყო და რაღაცა ეფარა... კიდევ, ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, პირის ღრუ - საშინლად დაზიანებული, ხელები - დატყავებული და დამტვრეული, სხეული - დალეწილი. მაშინ ამის თქმა ვერავინ ვერ გაბედა, ოჯახისთვის ექსპერტიზის დასკვნაც არ მიუტანიათ. დაასაფლავებინეს ოჯახს და ურჩიეს, ჩუმად ყოფილიყვნენ. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერში აქტიურობდა უშიშროების მაღალჩინოსანი, მალხაზ ვარდოსანიძე. ასევე ძალიან აქტიურობდა პარლამენტის წევრი პაატა ლეჟავა. ესენი დადიოდნენ ოჯახში საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით კაკაბაძესთან ერთად და ეუბნებოდნენ, თქვენთვის აჯობებს, ხმა არ ამოიღოთო.
მოკლედ, გარდაცვლილის მეუღლეს უთხრეს, თუ შენი შვილი, პაატა მუშაობას გამგეობაში არ დაიწყებს, მაშინ ჩავთვლით, რომ ომს გვიცხადებთო. ბოლო-ბოლო, ამ ბიჭს მუშაობა კომუნალურ სამსახურში დააწყებინეს, ამით ხალხს დაანახეს, ეს ოჯახიც ჩვენთან არისო.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, ამათ იფიქრეს, რაღაცის გაკეთება უკვე შეიძლებაო, მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, ყველაფერს ვიტყვითო. არჩევნებამდე „გლობალის" ანტენა დააყენა პაატამ სახლში, ამაზე გაცოფდნენ, წაიყვანეს ზესტაფონის პოლიციაში და მოსთხოვეს, რომ დაეწერა, თითქოს „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მაცივარს და რაღაცებს დაპირდნენ. ამან უთხრა, მამა მომიკალით, ახლა ჩემგან სხვა რაღა გინდათო? სხვათა შორის, მე და ბიძინა ივანიშვილი ვიყავით მაგ ოჯახში, ბატონი ბიძინა დაპირდა, ყველაფერს გამოვიძიებთო. მე ყველანაირად ვეხმარები, მაგრამ თვითონ გამოძიების ტემპით უკმაყოფილოები არიან. ოჯახმა თანხმობა განაცხადა, რომ ჩატარებულიყო გვამის ექსგუმაცია. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალეკო გეჯაძე ჩავიდა, ამოიღეს საწყალი მიცვალებული საფლავიდან, გადაასვენეს ქუთაისში და ჩაატარეს გამოკვლევა. მე როცა ჩავდივარ ვანში, გარდაცვლილის მეუღლეს ყოველთვის ვნახულობ, სულ მეუბნება: ჩემი ქმარი მესიზმრება ხშირად, თითქმის არ მძინავს, მსაყვედურობს, შენ მაინც ხომ იცი, რომ კაბელის ქურდი არა ვარ, სიმართლე თქვიო. ფაქტია, როდესაც ადამიანი დენის დარტყმით კვდება, მას ყელი გამოჭრილი არ უნდა ჰქონდეს და ენა კიდევ ამოგლეჯილი.
არსებობს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწამეს მცხეთის იზოლატორში და იქვე მოკლეს. არსებობს ეჭვი რამდენიმე პიროვნებაზეც. იმ პერიოდში კიდევ ერთი ფაქტი მოხდა: ერთი ბიზნესმენი მიიყვანეს თავიანთ ოფისში, ლეჟავას კაბინეტში სცემეს. იქ იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე, თავად ლეჟავას ბიძაშვილი და ზონდერები ჰყავდათ კიდევ, ლადო ვარძელაშვილმა ჩაიყვანა სამტრედიიდან. საერთოდ, ასეთი წესი ჰქონდათ, სამტრედიაში რომ მორჩებოდნენ, საღამოს ვანში ჩადიოდნენ ხოლმე და უსწორდებოდნენ, ვინც არ მოსწონდათ. ამ ბიზნესმენს გაუტეხეს ცხვირი, ჩაუმტვრიეს ორი ნეკნი და არჩევნებამდე ამაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ "ნაციონალები" ხომ არ გამოიძიებდნენ? ყველას ვერ დაიჭერ, ეს გასაგებია, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინეს, ხომ უნდა დაისაჯონ? დასავლეთმა გვითხრა, აღმოსავლეთმა გვითხრა, მოდი, არც ერთს არ ვაწყენინოთ, ეგრე არ გამოვა. ყოველ შემთხვევაში, სჯობს, დასავლეთს ვაწყენინოთ, ვიდრე ხალხს.
წყარო: expressinfo.ge