ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინა-თურქეთის თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
"დღეს პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად განვიხილე ჩვენი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე. მე ვაცნობე მას იანვარში დავოსში დაგეგმილი მრჩეველთა ახალი შეხვედრისთვის მომზადების შესახებ და [შეხვედრაზე] თურქეთის წარმომადგენელი მივიწვიე. თურქეთმა დაადასტურა მონაწილეობა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის ფორმულის პუნქტს, რომელიც ეხება სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულთა დაბრუნებას. ხაზი გავუსვი რუსების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, ასევე სამხედრო ტყვეების დაბრუნებას და მათ, ვინც რეპრესიებს განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ყირიმში", - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.