logo_geo
eng_logo
რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს
- +

13 სექტემბერი. 2016. 00:52



ვატიკანის პრესსამსახურმა პაპი ფრანცისკეს საქართველოსა და აზერბაიჯანში მოგზაურობის პროგრამა გამოაცხადა. ვიზიტი 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე შედგება. ამის შესახებ დიაკვანმა ედუარდ გოგილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



"ვატიკანის პრესსამსახურმა გამოაცხადა პაპი ფრანცისკეს სამოციქულო მოგზაურობის პროგრამა საქართველოსა და აზერბაიჯანში, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე. ნაშუადღევს პონტიფექტსი ჩაბრძანდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით 15:00 საათზე მისალმების ცერემონიის შემდეგ, 15:30 საათზე გათვალისწინებულია სტუმრობა რესპუბლიკის პრეზიდენტთან. 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლის ეზოში იქნება მისალმება ხელისუფლებასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, წმიდა მამა წარმოთქვამს სიტყვას.

16:40 საათზე საპატრიარქო რეზიდენციაში შედგება შეხვედრა მის უწმიდესობა და უნეტარესობა ილია მეორესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ამ შეხვედრაზე სიტყვას წარმოთქვამს პატრიარქი, შემდეგ კი რომის პაპი.

 

ამ შეხვედრის შემდეგ, 18:00 საათზე პაპი დაათვალიერებს ასირიულ-ქალდევური წესის საკრებულოს წმ, სიმონ მღებავის სახელობის კათოლიკურ ტაძარში, სადაც ილოცებს.

 

მეორე დღეს პირველ ოქტომბერს, შაბათს, დილის 10:00 საათზე, რომის პაპი აღავლენს წმ. წირვას . მესხის სახელობის სტადიონზე, რომლის დროსაც იქადაგებს. შემდეგ კი, 15:45 საათზე პაპი შეხვდება მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, სადაც სიტყვით მიმართავს მათ. განსაკუთრებული შეხვედრაა დაგეგმილი 17:00 საათზე კამილიელთა ცენტრის ტერიტორიაზე ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის ბენეფიციარებთან და მუშაკებთან, რომის პაპი მიესალმება მათ, რის შემდეგაც იგი 18:15 საათზე დაათავლიერებს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს, სადაც გაჟღერდება ჯერ პატრიარქის, ხოლო შემდეგ რომის პაპის სალამი.

 

კვირას, 2 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 07:55 საათზე დამშვიდობების ცერემონიის შემდეგ, 08:10 თვითმფრინავი აიღებს გეზს ბაქოსკენ", - ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში.


როგორც ედუარდ გოგილაშვილმა განაცხადა, მიხეილ მესხის სტადიონზე წირვაზე დასწრების მსურველებს კათოლიკურ ეკლესიებში შეეძლებათ მოსაწვევების აღება.


როგორც კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ განაცხადა, რომის პაპის ვიზიტის ლოზუნგი იქნება "მშვიდობა თქვენთან".


"ლოზუნგი იქნება "მშვიდობა თქვენთან", მე ვფიქრობ, რომ მისი ყურადღება იქნება მშვიდობაზე და ურთიერთობაზე", - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner