მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს?
მართლმადიდებელი სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდრის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე-ღამის ცდომილება იყო.
1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდრით შეცვალა.
მართლმადიდებლურ ქვეყნებში, სადაც ეკლესიებმა კალენდრული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. წელს პირველად, შობა 25 დეკემბერს აღინიშნა უკრაინაშიც.
ხოლო საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართლმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია მიიჩნევს, რომ შობა, ისევე როგორც სხვა ყველა საეკლესიო დღესასწაული ძველი კალენდრით უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ახალ წელს, ის, როგორც საერო დღესასწაული, ახალი სტილით, 1 იანვარს აღინიშნება.