„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე უახლეს პროცესებს თარიღების მიხედვით განიხილავს.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ნუმეროლოგიას გავლენა პოლიტიკაშიც აქვს.
„ერთხელაც განვმეორდები: ნუმეროლოგიის მისტერიას უდიდეს პატივს ვცემ. განსაკუთრებით, მის შერწყმას საეკლესიო საღვთისმსახურო კალენდართან. „ნაცების“ ხელში იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღი. ბიძინა ივანიშვილის შიშით, მაინცდამაინც წმინდა ბიძინას ხსენების დღეს, პირველ ოქტომბერს დანიშნეს. მიუხედავად „უამრავი საარჩევნო მანიპულაციებისა“ (კაკო ბობოხიძის „აღსარების“ მიხედვით), „რატომღაც“ მაინც წააგეს.
ნებისმიერი დღე შეეძლოთ აერჩიათ 2021 წელს საკუთარი ბელადის კონტრაბანდული გზით ჩამოსაყვანად. ერთგზის წმინდა ბიძინას ხსენების დღეს უკვე დამარცხებულებმა, ამჟამად თითქოს სპეციალურად შეარჩიეს კვლავ პირველი ოქტომბერი, რათა დაემტკიცებინათ: „არა არს ღმერთი და არც მისი წმინდანების ძალა და ზეციური შემწეობა“. ამჯერადაც სძლია წმინდა ბიძინას, შალვასი და ელიზბარის ხსენების დღემ ბოროტებას - ბელადი დაკავებული იქნა.
მანამდე კი, 2013 წელს საქართველო შეხვდა მთლად დამარცხებული თუ არა, შხამიანი ეშვგამოცლილი ქვეწარმავალი ნაცსექტის პირობებში. ამ ისტორიულ წელს აღდგომა ვიზეიმეთ 5 მაისს. სწორედ მას შემდეგ გადავიდა ნაცსექტა შხამიანი გველების კატეგორიიდან მახრჩობელა გველების სახეობაში. ბოლო 11 წელიწადი კბენით კი გვკბენს, მაგრამ არა გვკლავს. თუმცა დახრჩობით გაგვანადგუროს - ამის მუდმივ, თუმცა უშედეგო მცდელობაშია.
და, აი, კიდევ ერთი, ნუმეროლოგიური დამთხვევა და ნიშანი - 2024 წლის 5 მაისის აღდგომა. წელს უნდა დავასრულოთ მახრჩობელა გველის უკიდურო ხოკერას კატეგორიაში გადაყვანის პროცესი. გარეგნულად ის კვლავ ქვეწარმავლის ფორმისა იქნება, თუმცა შინაარსობრივად, ხვლიკად ქცეული, პოლიტიკური თვალსაზრისით, სრულიად უვნებელ სუბსტანციად უნდა ვაქციოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.