„ბოლო სეზონი“ უკანასკნელ წლებში გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი აღმოჩნდა, რომელმაც მაყურებლისკენ მიმავალი გზა იოლად იპოვა - მშვენივრად გადაღებული და ძალიან კარგი მსახიობებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მოახერხა ის, რასაც ბევრი ვერ ახერხებდა - ყოველ კვირას, 22:00 საათზე, ინტერნეტში ახალი სერიის დადებას უამრავი ადამიანი ელოდა...
ეს სიამოვნება ჯერ მხოლოდ 8 კვირა გაგრძელდა და მაყურებელი უკვე ახალი სეზონის მოლოდინშია. ამის შესახებ „ლელოსთან“ ინტერვიუში გიორგი კინტირაია მოგვითხრობს - ახლო წარსულში ნიჭიერი ჟურნალისტი, რომელიც ახალ როლში („კრისტალბეთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი) ერთდროულად ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაზეც ზრუნავს და კიდევ ერთი კარგი სერიალის გადაღებაზე.
- საიდან გაჩნდა ამ შესანიშნავი სერიალის გადაღების იდეა?
- უპირველეს ყოველისა, გილოცავთ ახალ წელს სრულიად რედაქციას და „ლელოს“ ყველა მკითხველს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ 2024 წელს, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ნაკრების დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლას...
რაც შეეხება კითხვას, მოგეხსენებათ, „კრისტალბეთი“ საქართველოს საკლუბო ლიგების გენერალური სპონსორია და ლიგა ჩვენს სახელსაც ატარებს. უკვე მრავალი წელია სხვადასხვა გზით ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ქართულ ფეხბურთს, მაყურებელში ინტერესი გავაღვივოთ სტადიონზე წამახალისებელი გათამაშებებით, ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობებით და გულშემატკივარი ტრიბუნაზე მივიზიდოთ.
სერიალ „ბოლო სეზონის“ გადაღების იდეაც სწორედ ამ მიზანს ისახავდა. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ნებისმიერი სქესისა და ასაკის მაყურებელს შეუყვარდებოდა.
- ...ეს ნამდვილად გამოგივიდათ. ერთ-ერთი კომენტარი მახსოვს, კვირაში ორი სერია მაინც დადეთო. თითოეულ სერიამდე უდიდესი მოლოდინი იყო...
- ეს ძალიან მიხარია. ერთი იყო ამ იდეის გაჩენა და მეორე - მისი განხორციელებისთვის სწორი პარტნიორის შერჩევა. თქვენი მკითხველის ნაწილს ემახსოვრება ჯერ კიდევ 2018 წელს, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი Crystalgame, სადაც სრულიად უფასოდ, ინტელექტისა და შეუპოვრობის ხარჯზე, მონაწილეებს 3 კგ ოქროს მოპოვება შეეძლოთ.
ეს სარეკლამო რგოლი სტუდია „Film Asylum“-თან ერთად გადავიღეთ. მაშინ ამ ვიდეორგოლს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ხალხი მსგავსი სტილით ფილმის გადაღებისკენ მოგვიწოდებდა. გავიდა 5 წელი და ამ იდეამ ხორცი შეისხა. დიდი მადლობა მინდა ჩვენი სახელით გადავუხადო „Film Asylum“-ის წევრებს და სერიალზე მომუშავე ყველა ადამიანს, ამ საოცარი პროექტის განხორციელებისთვის.
- როგორც ვიცი, სერიალის გადაღება თბილისში იგეგმებოდა და სრულიად შემთხვევით, ლოკაციის ფოთში გადატანა მოგიხდათ. როგორც აღმოჩნდა, ესეც წარმატებული ნაბიჯი იყო...
- დიახ, მოგეხსენებათ, სერიალში „მიმინო“ თბილისის გუნდს წარმოადგენს და თავდაპირველ ვარიანტში გადაღებები სწორედ თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე იგეგმებოდა. თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, ამ სტადიონის „მიმინოს“ დროებით ბაზად ქცევა ვერ მოხერხდა.
ამ დროს მსახიობმა ჯანო იზორიამ დახმარება და ვარიანტად ფოთის სტადიონი შემოგვთავაზა. ამ მასშტაბის გადაღებების სხვა ქალაქში გადატანა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა ფოთის ადმინისტრაციისა და გულშემატკივრის მხრიდან იმდენად დიდი ხელშეწყობა და თანადგომა იყო, ახლა ვერც კი წარმოგვიდგენია, გადაღებების პროცესი სხვა ქალაქში როგორი იქნებოდა. ქართული ფეხბურთის აკვანი სწორედ ფოთში დაირწა და ჩვენი ამ ქალაქში გადაბარგება სიმბოლურიც იყო.
- ფილმში „მიმინოსთვის“ შესაფერისი ფეხბურთელების მონაწილეობამ გაამართლა. ლუკა კიკაბიძე, ანდრია ფურცელაძე, გოდვინ თუდები - სულ ახლახან იმედისმომცემი ფეხბურთელები იყვნენ. ფეხბურთელი იყო მთავარი როლის შემსრულებელი გიგა დათიაშვილიც, გიორგი კიკნაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა, დიმა ობოლაძის და ნოდარ სიმსივეს მონაწილეობამ კი სერიალს დამატებითი ხიბლი და რეალობის განცდა შეჰმატა. მათი ჩართვის იდეა ვის ეკუთვნის?
- სერიალზე მუშაობის პირველივე დღეებში ყველაზე დიდ შიშს იწვევდა საფეხბურთო კადრების გადაღებები. ვინც სპორტული ჟანრის ფილმებსა და სერიალებს კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ ფეხბურთის მხატვრული ვერსია მუდამ არასანახაობრივია, რადგან გადასაღებად ურთულესია. მაყურებელი დამონტაჟებულ კადრებს რეალობად ვერ აღიქვამს, რაც სრულად კლავს იმ ხიბლს, რაც ფეხბურთს გააჩნია.
„Film Asylum“-ის წარმომადგენლებისა და რეჟისორების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მაქსიმალურად ავთენტური კადრები მიგვეღო, რაც მსახიობების მხრიდან გარკვეული დოზით საფეხბურთო უნარებს საჭიროებდა. სწორად ამიტომ დაკომპლექტდა „მიმინოს“ შემადგენლობა ისეთი პროფესიონალი და დამწყები მსახიობებისგან, რომელთაც წარსულში პროფესიულ ან ნახევრადპროფესიულ ფეხბურთთან რაღაც დონის კვეთა ჰქონდათ. ჩანაფიქრმა გაამართლა და მივიღეთ ავთენტური სცენები, რომელთაც მაყურებელი გულშემატკივრობითა და ემოციებით უყურებდა.
- სცენარი ფოთის „კოლხეთის“ ეროვნულ ლიგაში გადასვლას დაუკავშირეს. ჭორებიც კი გავრცელდა, რომ ფილმს მამუკა ჯუღელი აფინანსებსო. თუმცა, ვიცი, რომ ესეც წარმატებული დამთხვევა იყო და მეტი არაფერი.
- პირველ რიგში, მინდა მივულოცო ფოთის „კოლხეთს“, კლუბის მესვეურებს, ადმინისტრაციასა და გულშემატკივრებს ეროვნულ ლიგაში დაბრუნება. ქართულ საფეხბურთო დაუწერელ კანონებში ალბათ არ ჯდება, რომ ქვეყნის პირველობაზე ფოთის წარმომადგენელი არ იყო და მათი დაბრუნება ორმაგად სასიამოვნოა.
სერიალის სცენართან ამ ყოველივეს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი სერიალის გადაღებების პერიოდში ფოთში ისეთი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა, ეს ყოველივე „კოლხეთზეც“ დადებითად აისახა. ასეა თუ ისე, დამთხვევა მართლაც სასიამოვნო იყო. „კოლხეთს“ მომდევნო სეზონშიც წარმატებებს ვუსურვებ.
- უკვე ითქვა, რომ „ბოლო სეზონის“ მეორე სეზონიც გამოვა. ეს დაახლოებითი როდის მოხდება?
- ვინც კარგად ერკვევა კინემატოგრაფიაში, მარტივად ხვდება, ამ დონის პროექტი რა სირთულეებთან, ფინანსებთან და ვადებთანაა დაკავშირებული. მეორე სეზონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია, თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერი ქართველი გულშემატკივრის სასარგებლოდ გადაწყდება. აქედან გამომდინარე, ვადებზე საუბარი ახლა ძალიან ადრეა.
ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მაყურებელს, რომელიც არ იშურებს თბილ სიტყვებსა და დამოკიდებულებას „ბოლო სეზონის“ მიმართ. ეს სერიალი სწორედ მათ ეკუთვნით და ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და აქ სხვანაირად გვიყვარს სპორტის ეს სახეობა.