აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ (FAA) Boeing 737 MAX 9-ს ექსპლუატაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც ამ მოდელის თვითმფრინავს ფრენისას კარი მოწყდა. ამის შესახებ BBC წერს.
რეგულატორმა ასევე გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც Boeing 737 MAX 9-ის ზოგი თვითმფრინავის გამოყენება დაშვებული იქნება მხოლოდ შესაბამისი შემოწმების შემდეგ. ეს მოთხოვნა 171 თვითმფრინავს შეხება მთელს მსოფლიოში და თითოეულის შემოწმებას 4-8 საათი დასჭირდება.
Reuters-ის ცნობით, FAA-ს დირექტივა ევროპის ფრენების უსაფრთხოების სააგენტომაც (EASA) მიიღო. ამასთან, EASA-ში აღნიშნეს, რომ ამ მოდელის თვითმფრინავს არცერთი ევროპული ავიაკომპანია არ იყენებს.
თავის მხრივ, თურქული Turkish Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა, იახია უსთიუნმა განაცხადა, რომ კომპანიამ 5 Boeing 737 MAX 9-ის ექსპლუატაცია შეაჩერა, მანამდე, სანამ თვითმფრინავებს არ შეამოწმებენ.
Bloomberg-ის მონაცემებით, Boeing 737 MAX 9-ს ძირითადად ამერიკული გადამყვანები United Airlines (79 თვითმფრინავი) და Alaska Airlines (65 თვითმფრინავი) იყენებენ.
რამდენიმე დღის წინ Alaska Airlines-ის Boeing 737 Max 9-ის ტიპის თვითმფრინავი პორტლენდიდან კალიფორნიაში მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან 35 წუთში ისევ პორტლენდში დაბრუნება მოუწია, რადგან თვითმფრინავს ავარიული გასასვლელის კარი მოწყდა. ბორტზე მყოფი 177-ვე მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.