ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ბელგიურ გამოცემებს De Standaard-ს, Le Soir-სა და La Libre-ს განუცხადა.
„გადავწყვიტე ვიყო კანდიდატი 2024 წლის ევროპულ არჩევნებში. თუ ამირჩევენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას მანამდე შევასრულებ, სანამ ივლისში ევროპული პარლამენტის წევრის ფიცს არ დავდებ“, - განაცხადა მიშელმა.
მიშელს უფლებამოსილება 2024 წლის ნოემბერში იწურება, ევროპარლამენტის არჩევნები კი ივლისში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ევროპარლამენტის წევრის თანამდებობების შეთავსება არ შეიძლება, არჩევის შემთხვევაში მიშელი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს.
თავის მხრივ, Politico აღნიშნავს, რომ მიშელის გადაწყვეტილება დამატებით წნეხს გაუჩენს ევროპელ ლიდერებს, რადგან მათ მისი შემცვლელის არჩევა ჩვეულებრივზე მოკლე ვადაში მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახდება, რომ 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერი ცდილობს თავიდან აიცილოს მოვლენათა ასეთი განვითარება, რადგან მათსა და ორბანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობაა. კერძოდ, ორბანი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება. მას ასევე არ სურდა, რომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო.