“ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ „ციხე შიგნიდან გაეტეხათ“ და სახელმწიფოს რღვევა გამოეწვით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული.
„ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული, მაკონსოლიდირებელი როლი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება მისი განსაკუთრებული როლი პოლიტიკაში. ჩანს, რომ 2024 წელი რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული არჩევნებიდან გამომდინარე იქნება ძალიან ტურბულენტური, საფრთხეებითა და რისკებით სავსე. ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული. ვხედავთ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ, „ციხე შიგნიდან გაეტეხათ“ და სახელმწიფოს რღვევა გამოეწვით. სახელმწიფო ინსტიტუტებს, საქართველოს რეპუტაციას უთხრიან ძირს. ჩემი აზრით, ეს გაძლიერდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის, როგორც მაკონსოლიდირებელი ფიგურის როლი საზოგადოებისთვის, ვინაიდან საზოგადოება უნდა შეიკრას ერთ მუშტად და ეს წელი უნდა გავიაროთ მშვიდად. წლის ბოლოს ქართველმა ხალხმა კვლავ უნდა აღნიშნოს ეროვნული ინტერესების გამარჯვება, უცხო ქვეყნების ინტერესების საპირწონედ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.