“მოლოდინია, რომ მომავალ არჩევნებზე ოპოზიცია იქნება აგრესიული, რადიკალური და ექსტრემისტული, რასაც სიმშვიდე და გააზრებული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისი თუ სადმე არის, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ოპოზიციაში.
„ვერანაირად ვერ გამოდიან იმ დახურული წრიდან, სადაც უკვე წლებია, ერთი-ორი თემით არიან ჩაკეტილი და ამ ორი თემის გარშემო ტრიალებენ. ხან რუსეთს გაიძახიან, რუსეთი, სააკაშვილი არის მთელი მათი საკითხები. მომავალი არჩევნები ოქტომბერში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან დაცლილი იქნება შინაარსისგან, რაც მეორე მხრივ ქმნის საფრთხეს. ოპოზიცია როდესაც სუსტია, თავისი სისუსტის გამო კუთხეშია მიმწყვდეულია და არ აქვს თემები, მაღალია რისკი, რომ აირჩიონ რადიკალური გზა. ამას ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამიტომ მოლოდინი არის, რომ ოპოზიცია იქნება აგრესიული, რადიკალური, ექსტრემისტული. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, გააზრებული პოლიტიკა, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით.
კრიზისი თუ სადმე არის, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ოპოზიციაში. იდეების კრიზისი, ადამიანური რესურსების კრიზისი და ყველაზე მთავარი კრიზისი ოპოზიციაში არის, რომ ისინი დგანან არა ქართული ინტერესების სადარაჯოზე, არამედ ემსახურებიან სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. საბოლოო ჯამში, გაერთიანებული ძალებით დამარცხდებიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.