იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას „The Times of Israel“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელს ბლოკავენ და სკანდირებენ „არჩევნები ახლავე“.
„ნებისმიერი იმედი, რომელიც მთავრობას უნდა გაეჩინა ამ საგანგებო დროს, დაირღვა მათი წარუმატებელი ქმედებებით, რაც გამოიხატება მათი უფუნქციობით, მძევლების მიტოვებით, ისრაელის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვით, მუდმივი განხეთქილებებით და ბიუჯეტის პირადი ინტერესების სასარგებლოდ გადანაწილებით. ჩვენ მოვედით ქნესეთში, რათა მოვითხოვოთ არჩევნები, ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა და ექსტრემისტების გაძევება“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.