logo_geo
eng_logo
„ართ ჰოლის“ ახალგაზრდა მსახიობების შეუდარებელი პრემიერა თუმანიშვილის თეატრში...
- +

13 სექტემბერი. 2016. 03:52



სახელოვნებო სტუდიის - „ართ ჰოლის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით თუმანიშვილის თეატრში  გოგა პიპინაშვილის სპექტაკლის - „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა შედგა.


სპექტაკლის პრემიერას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მსახიობები დაესწრნენ.


„ართ ჰოლის" ახალგაზრდა მსახიობებმა თუმანიშვილის სცენაზე ხელოვნების ზეიმი მოაწყეს. პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.



მიხეილ გიორგაძერეპორტიორთან"  „ართ ჰოლის" შესახებ საუბრობს: 



„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობებს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა. უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს ყველას, დარწმუნებული ვარ და შემიძლია ყველას სახელით ვისაუბრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა გოგა პიპინაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი უშრეტი ენთუზიაზმით და მიუხედავად ძალიან ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური სიძნელისა, თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, თავისი სიყვარულით და ძალიან ხშირ შემთხვევაში თავდადებითაც კი ამტკიცებს იმას, რომ ახალგაზრდა თაობა გვყავს ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა თაობას სწყურია ხელოვნება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დადგება პროფესიონალი მსახიობი და ვინ არა, მთავარია, რომ ეს ბავშვები და ახალგაზრდები ეზიარებიან ხელოვნებას, სიყვარულსა და სილამაზეს და ამ ემოციას გადმოსცემენ დარბაზში მყოფ მაყურებელს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 


სიამაყის გრძნობა მაქვს, იმიტომ, რომ  გოგამ ამდენი წელი იწვალა, ამდენი წელი იტანჯა და ასეთი ბავშვები გამოუვიდა."- მსახიობი ზურა ყიფშიძერეპორტიორს" სპექტაკლის შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს:


არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ეს არის მასალა, რომლისგანაც ნებისმიერი რეჟისორი გააკეთებს იმას, რაც უნდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა და სიტყვებს ვერ ვპოულობ, ისეთი ემოციური დღე იყო. ძალიან მიხარია, რომ გოგამ მოახერხა და ბავშვები აამოძრავა", - ამბობს ზურა ყიფშიძე.


თუმანიშვილის თეატრში  მსახიობი დუტა სხირტლაძე იმყოფებოდა. დუტა სხირტლაძის განცხადებით გოგა პიპინაშვილი მისი მასწავლებელია, სწორედ ამიტომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ პიპინაშვილის მიერ დაარსებული ცენტრი- „ართ ჰოლი" ძალიან საინტერესო და პროფესიონალ მსახიობებს აღზრდის.


გოგა პიპინაშვილი ჩემთვის არის უფროსი მეგობარი, ჩემი მასწავლებელი. ჩემი პირველი ზიარება კინოში, ჩემი პირველი როლი, პირდაპირ გოგას უკავშირდება და ეს ზაზა კოლელიშვილის დამსახურებაა. გოგას დამსახურებით, პირველად გავიგე, როგორ უნდა იმუშაოს მსახიობმა, მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს მსახიობი.

 

წარმატებები მინდა ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ სტუდიას. გოგას, მადლობა, რომ ასეთი არის და ამდენი წელია ზრუნავს ბავშვებზე", - განაცხადა დუტა სხირტლაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე კი  რეპორტიორთან" აღნიშნავს, რომ „ართ ჰოლის" ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლის პრემიერაზე შეუდარებლად შეასრულეს მორგებული როლები.


ძალიან რთულია ბავშვებთან მუშაობა. თუმცა, უფრო ადვილია სუფთა ფურცელზე წერა, ვიდრე დაწერილის წაშლა და ახლიდან დაწერა. აი, ეს ბავშვებიც რომ მოვლენ, თეატრალურ უნივერსიტეტში, არაფერი ზედმეტი არ ექნებათ. ისინი სწორ რელსებზე დგანან, იმიტომ, რომ მათ ისეთი დიდი ოსტატი ასწავლის მსახიობის ოსტატობას, როგორიც არის გოგა პიპინაშვილი. ვულოცავ ყველას, ვულოცავ მთელ ჯგუფს", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

 


„ართ ჰოლის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პიესა პოეტმა გენრი დოლიძემ დაწერა. სცენარის ავტორის თქმით, მისთვის სპექტაკლი „მერე ვნახოთ, რა იქნება" სადებიუტოა, ამიტომ მსახიობებთან ერთად მღელვარება მასაც არანაკლებ ეტყობოდა.


 „ჩემთვის ეს იყო დრამატურგიული დებიუტი. პირველი მონაწილეობა იყო სერიოზულ სპექტაკლში ჩემი, როგორც პიესის ავტორისა. გამიხარდა, რომ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა. სცენარის ადაპტაციაც ასევე პროფესიონალ დრამატურგთან ერთად თანამშრომლობის შედეგად შედგა. ბედნიერი ვარ, რომ რაც დავწერე, ის ვიხილე დიდ სცენაზე და ამავე დროს საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ნებისმიერი ხელოვანისთვის", - ამბობს გენრი დოლიძე „რეპორტიორთან." ხოლო, რეჟისორ გოგა პიპინაშვილის თქმით, მიუხედავად მისი კრიტიკული ხედვისა, პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა და ამაზე მაყურებელთა ემოციები მეტყველებდა.


მე ყოველთვის კრიტიკული ვარ როგორც საკუთარი ნამუშევრის მიმართ, ისე ჩემი ბავშვების ნამუშევრის მიმართ. დარბაზს ემჩნეოდა, როგორ მიიღო ეს სპექტაკლი და ჩემთვის მთავარია, რომ მაყურებელმა ამ ბავშვებს არ უყუროს გარკვეული შეღავათით და ანგარიშის გაწევით, რადგან პატარები არიან. ძალიან მინდა, რომ ისინი პროფესიულად ფასდებოდნენ. დღეს რამდენიმე სცენა იყო ძალიან კარგი. ორი დღის დაბადებული სპექტაკლია და, რა თქმა უნდა, გათამაშება სჭირდება.მჯერა, რომ იმდენად ნიჭიერი ბავშვები არიან, რომ თუ სიცოცხლე უწერია ამ სპექტაკლს, ისინი გააცოცხლებენ იმ სათქმელს, რაც მრავლად არის ამ სპექტაკლში გაბნეული", - განაცხადა გოგა პიპინაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.




რეპორტიორი" „ართ ჰოლის" მსახიობებსაც ესაუბრა.  მსახიობ ნინა ლორთქიფანიძის განცხადებით, მისთვის სპექტაკლის პრემიერა განსაკუთრებულკად მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დგომა ორმაგ პასუხისმგებლობას მოითხოვს.



დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე, რაც არის ძალიან ცოტა დრო. თითოეული მონაწილე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამოვდივართ მიხეილ თუმანიშვილის სცენაზე და აქ თამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასთვის. პირველ რიგში, გვინდოდა, რომ ბატონი გოგას იმედები გაგვემართლებინა. ბატონმა გოგამ ძალიან დიდი შრომა და ჯაფა ჩადო ჩვენში და ალბათ, ზუსტად ის არ იყო, რაც გვინდოდა, ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი სათქმელი ვთქვით. რაც ამ თაობას გვინოდა, რომ გვეთქვა, გადმოგვეცა სცენიდან და იმედი მაქვს, ყველას გულამდე მივიდა", - ამბობს ნინა ლორთქიფანიძე. ხოლო ცენტრის მსახიობის, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილის თქმით, „ართ ჰოლის" დამფუძნებელთან, გოგა პიპინაშვილთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.




სპექტაკლზე მუშაობის პროცესი, ბატონ გოგასთან ერთად, ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი იდეები, ვთავაზობდით გოგას და შემდეგ იგი გვაყენებდა რელსებზე და მიმართულებას გვაძლევდა. ამიტომ, ძალიან საინტერესო გამოვიდა მუშაობის პროცესი და პერსონაჟის შექმნა. რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს, ძალიან ცოტა დროში დაიდგა, ბევრი პრობლემის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა გამოგვივიდა და სპექტაკლი შედგა", - ამბობს „რეპორტიორთან" ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner