გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 იანვარს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლია მოსალოდნელი როგორც მთაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება შეიძლება დაფიქსირდეს, გორაკ-ბორცვიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
როგორც გარემოს დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ამინდის გაუარესებამ შესაძლოა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს.
„9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.