"ეს ორი დღეა, მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ, ვისი სიახლე სჯობს," - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია.
200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არცერთი მათგანი არ გაუშუქებიათ იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?
დღეს ინტერვიუ მთხოვა რადიო „თავისუფლებამ“. აქ ვდებ კომენტარს:
პირველი შეკითხვაა, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს უფრო მეტი ბოროტებაა არაა, ვიდრე, დავუშვათ, სტალინის ხატზე გამოსახვა? ასეთი რამ ბოლო წლებში არაერთხელ გაუკეთებიათ, როდესაც სადღესასწაულო დღეს სკანდალის გამოგონებაში იყვნენ. ეს უკვე ერთგვარი ტექნოლოგიაა.
მხოლოდ ერთს დავამატებ, მატრონასთან სტალინის მისვლის ისტორია, ჩემი აზრით, უფრო მითია, ვიდრე რეალობა. მისი ცხოვრების აღმწერი ახსენებს ამას. ჩემი პირადი აზრით, რადგან წმინდანის ცხოვრება მის ღვაწლს უნდა უკავშირდებოდეს, მატრონას შემთხვევაში ნაკლებად შეიძლება ასეთი ღვაწლის გამოკვეთა, თუმცა მრავალი მორწმუნე, და არამხოლოდ რუსეთში, მისადმი ლოცულობს.
გარდა იმისა, რასაც მისი ცხოვრების აღმწერი გადმოსცემს, არის ბევრი მითქმა-მოთქმა, რაც მისი ღვაწლის შესახებ მსჯელობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის, არამხოლოდ ჩემი აზრით. ასე რომ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
რაც შეეხება სტალინის ხატზე გამოსახვას, პირველ რიგში, სათქმელია – ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება, უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად, დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი, რომელზეც ლოცულობს ვინმე, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს.
მთლიანობაში, ეს ორი დღეა, მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ, ვისი სიახლე სჯობს. გილოცავთ შობას!“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.