„არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენისას ბოიკოტს გამოუცხადებენ.
„არ მგონია, ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ ბოიკოტს აპირებს. თქვენ იცით სალომე ზურაბიშვილის, მისი ლეგიტიმაციის თაობაზე ჩვენი დამოკიდებულება, თუნდაც მას შემდეგ, როცა მისი მხრიდან კონსტიტუციის უპატივცემულობა ვიხილეთ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია. ამ ყველაფრის ფონზე, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად გამოიყურება. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩვენ პროცედურების მიმართ პატივისცემა გვაქვს. არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ მგონია, რომ თქვენ საფუძველი გაქვთ ისაუბროთ იმაზე, რომ ვინმე პრეზიდენტს ბოიკოტს გამოუცხადებს ანგარიშის წარდგენისას. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში შარშან იყო და ანგარიში წარადგინა, თუმცა არ მგონია, რომ ეს ანგარიში იყო, ეს იყო ოპოზიციური ფლანგიდან გაკეთებული განცხადებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რეგლამენტით მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.