საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, არჩევნებისთვის დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვლენ და ეს შესაბამისი წესის მიხედვით მოხდება.
ბექა დავითულიანმა კომენტარი გაააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.
ბექა დავითულიანის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ცარიელ ადგილას ხმაური შექმნას.
„რა თქმა უნდა, დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვლენ. ეს გაკეთდება ისე, როგორც წესია და გაწერილია. ყველა სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა და დააკვირდება არჩევნებს, რომელიც ჩატარდება ძალიან კარგად და უფრო უკეთესად, ვიდრე აქამდე ჩატარებულა. ხმის მიცემა ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი. პრაქტიკულად, გაყალბების რისკი ნულამდეა დაყვანილი. დააკვირდებიან და აღიარებენ იმ შედეგს, რაც „ქართული ოცნების“ მიმართ დადებითი იქნება. ოპოზიცია ამ თემაზე საუბრობს, რადგან ცდილობს, რაღაცნაირად ცარიელ ადგილას ხმაური შექმნას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.