„დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, მგონი, ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ჟურნალისტებმა ზარქუას კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.
ზარქუამ მოუწოდა ელჩს, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს.
„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, სიცრუე, დეზინფორმაციული და თავხედური. მგონი, დანიის ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება. ქალბატონო ელჩო, დანიშნული ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს, მათ შორის კანონის უზენაესობით ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს და ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და ვუსწრებთ დანიასაც, ეს არის მოცემულობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა და მოიტანა. მის განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება, ჰქონდეს – პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი ვმუშაობთ. მოვუწოდებ, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს. არ ვიცი, მსგავსი განცხადება შეცდომით თუ გამიზნულად გააკეთა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დაიბარებს და მას ახსნა-განმატებებს მოსთხოვს. ვურჩევდი, საზოგადოებას ამ განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.