logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა
- +

11 იანვარი. 2024. 15:27

 

 

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, ბიუროს და სესიის მუშაობაში. შეხვედრები ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრებში უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

სესიაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. დავით მათიკაშვილმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

 

„სამხედრო გაძლიერების პარალელურად, რუსეთმა გააფართოვა მცდელობა, რომ ოკუპირებული რეგიონების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სასამართლო და სხვა სფეროები რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს. მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იტაცებენ და უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა, მათ შორის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით,  სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მთლიანად ამოღებულია ქართული ენის სწავლება და სხვა ფაქტები, რომლებიც აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების აქტიურ რუსიფიკაციას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

საკუთარ გამოსვლაში დავით მათიკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

 

დავით მათიკაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და უკრაინასა და მოლდოვას  გაწევრების მოლაპარაკების დაწყება მიულოცა.

 

 2024 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას აზერბაიჯანი უხელმძღვანელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner