logo_geo
eng_logo
ბუდუ ზივზივაძე: მარტში 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე შანსი გამოვიყენოთ
- +

11 იანვარი. 2024. 17:30

 

 

გერმანულმა გამოცემა BNN-მა ინტერვიუ ჩამოართვა ბუდუ ზივზივაძეს, სადაც საქართველოს ნაკრების და „კარლსრუეს“ თავდამსხმელი ძალიან საინტერესოდ საუბრობს – საკუთარ თავზე, „კაიზერზე“, კარიერასა და წიგნების სიყვარულზე.

 

„გერმანია ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვალებას გლოვობს. „კაიზერის“ შესახებ რა ვიცი? დიდი ფეხბურთელი იყო. როცა მასზე ვფიქრობ, პირველი რაც გონებაში ამოტივტივდა, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალია, სადაც მხრის ტრავმით თამაშობდა. ეს ეპიზოდი აჩვენებს, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა და როგორი პიროვნება იყო. მისთვის მოედნის დატოვება გამორიცხული იყო. აქედანაც ჩანს, გერმანიის ნაკრებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ.

 

ჩვენი შეკრება მოულოდნელად ადრე დაიწყო. სასტუმროში დოპინგ-ინსპექტორები გამოჩნდნენ. არ მსმენია, თუ ტესტირებას შეკრების დროსაც ატარებდნენ. შვიდი საათი იყო და მეძინა, როდესაც გუნდის მენეჯერი დამიკავშირდა და ეს მითხრა.

 

უკვე ერთი წელია, რაც „კარლსრუეში“ ვთამაშობ. ჩამოსვლამდე ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან „კარლსრუეზე“ და გერმანულ ფეხბურთზე ბევრი რამ ვიცოდი. უნგრეთიდან გერმანიის მეორე დივიზიონში გადმოვედი, რადგან ბუნდესლიგამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი გამომევლინა.

 

დიდი ხნის განმავლობაში თავის გამოჩენას ვერ ვახერხებდი. თავიდან ფორმაში არ ვიყავი, მხრის ტრავმის გამო გუნდის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად საერთოდ არ ვიყავი. ვითარება ეტაპობრივად შეიცვალა. ფეხზე დავდექი და ბოლო ოთხი-ხუთი თვე ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. მგონი ამას ყველა ხედავს.

 

ჩემი ოჯახის წევრების ვიზას ვადა გაუვიდა და განახლებას საჭიროებს. ამიტომ, ჩემი სამი წლის ქალიშვილი და მეუღლე ახლა საქართველოში არიან და ლოდინი მოგვიწევს. იმედი მაქვს, ორ-სამ კვირაში ყველაფერი დალაგდება, რადგან ჩემი შვილი გერმანიაში საბავშვო ბაღში დადის და მალე უნდა დაბრუნდეს. ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ის ისწავლის გერმანულს და ინგლისურს. ეს ცხოვრებაში უდიდესი უპირატესობა იქნება მისთვის. ახლაც მახსოვს, როცა „კარლსრუეში“ გადავედი, სიტყვებს ძლივს ვარჩევდი. მე ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს საუბარი, რადგან უცხო ენების ათვისება არ მიადვილდება.

 

„კარლსრუეს“ რიგებში თავიდან ცოტას ვთამაშობდი და ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან შევდიოდი მოედანზე, ახლა ყველაფერი შეიცვალა. კონტრაქტი 2025 წლამდე მაქვს და გუნდში ჩემი პოზიციისთვის ვიბრძოლებ. ახლახან სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი „ჰანოვერთან“ და „ელვერსბერგთან“, მაგრამ ზუსტად ვერავინ იტყვის, რომ სულ ასე გაგრძელდება. კონკურენცია კარგია არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანისთვის, არამედ გუნდისთვისაც.

 

ცხოვრებაშიც მშვიდი ადამიანი ვარ. გუნდში დალაგებული ურთიერთობები გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. თავიდან გამიჭირდა, რადგან თითქმის არავინ მელაპარაკებოდა და არაფერი მესმოდა, სანამ ინგლისურად არ მითარგმნიდნენ. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ, გუნდში ჩემი როლი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ წარმატების მისაღწევად.

 

ფეხბურთის გარდა მთავარი საზრუნავი? ცალსახად ქალიშვილი. მისი დაბადებით ჩემი ცხოვრება შეიცვალა. როცა ვარჯიშის შემდეგ დაღლილი სახლში მივდივარ და მის სიცილს ვხედავ, ისევ ენერგიულად ვგრძნობ თავს. ქალაქში ან სათამაშო მოედნებზე დამყავს, დროის ერთად გატარება გვიხარია. ჩემი მეუღლის და მის გარეშე ჩემს ამჟამინდელ დონეს ვერ მივაღწევდი.

 

ჩემი შვილი რამდენჯერმე იჯდა ტრიბუნაზე, მოედანზე გასვლამდე მას ვეხუტები. მას ჩემთვის კოცნის გამოგზავნა მოსწონს და ამ დროს ძალიან საყვარელია, ეს მაძლევს მოტივაციას. რაც შეეხება ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრების რეაქციას, ისინი მაკვირვებენ, რადგან ამდენი ხანია აქ ვარ და ჯერ ბევრი არც მითამაშია, ამის გამო მათი მადლიერი ვარ. მე ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო. თუ ძალიან ბევრ შანსს ვერ გამოვიყენებ ან უაზროდ ვითამაშებ, ჩემი სახელის სკანდირებას აღარ შეეცდებიან. ეს ზეწოლაა, მაგრამ მე ეს მომწონს.

 

ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ არა უბრალო ადამიანები, არამედ – რობოტები. სიმართლე ისაა, რომ ზოგჯერ დილით იღვიძებ და იცი, რომ მოედანზე საუკეთესო დღე არ გექნება. თუმცა, ყველა მოთამაშე აცნობიერებს, რომ ხალხი ფულს მისგან საუკეთესო ფეხბურთის სანახავად იხდის. ეს არის თამაში გულშემატკივრებისთვის. მათ გარეშე ჩვენ არაფერი ვართ.

 

რაც შეეხება შეკრების დროს დასვენებას, ოთახში დარჩენა მოსაწყენი იქნება. მარბელაში რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად გავისეირნებ. ბოლო დღეები წიგნებს ვკითხულობ და ეს ძალიან მამშვიდებს. რას ვკითხულობ? ქართულ წიგნს სიყვარულზე. შარშან წავიკითხე რომანი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა. ეს ეხებოდა კითხვებს, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი და როგორ მოვაგვაროთ პრობლემები. იმის შესახებ, თუ როგორია კომფორტის ზონიდან გასვლა და შეცდომებთან გამკლავება.

 

მარტში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად პლეი ოფში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის მეორე შანსი გამოვიყენოთ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner