logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: დანიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი სტატია გამიზნული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტებმა უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს
- +

11 იანვარი. 2024. 20:11

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



უწყების ცნობით, ელჩი სამინისტროში გამოიძახეს და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 10 იანვარს დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.

 



როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 



შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის გამოიყენეს, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

 



შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტებმა უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

 

 

ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში დანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება“. „საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner