ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ინფორმაცია გამსახურდიამ AMBEBI.GE-ს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან შალვა პაპუაშვილისგან მიიღო.
- ვადასტურებ, რომ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მივიღე. დიახ, კანონის მიხედვით ასეა, საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ათავისუფლებს და ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
- თქვენთვის მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება?
- ზოგადად ეს ისეთი სფეროა, რომელთანაც ჩემი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე ახლოს ვიყავი, ამიტომაც დიდად არ გამკვირვებია.
- თანხმობა მაშინვე განაცხადეთ?
- დიახ.
- როდიდან აპირებთ, ახალ თანამდებობაზე საქმიანობას შეუდგეთ?
- ამას გარკვეული დრო დასჭირდება, არის პროცედურული საკითხები და ასევე დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები. ვადები ალბათ აქედან გამომდინარე განისაზღვრება.
- ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ალბათ ჯერ არ შეხვედრიხართ...
- როგორც მკითხველი კი... 1980 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი გახლავართ.
ცნობისთვის, გიორგი კეკელიძეს თანამდებობის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით თავად კეკელიძემ გაავრცელა. მწერალი გიორგი კეკელიძე , საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.