ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, რომ მსოფლიომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის სისასტიკე დაივიწყოს.
დანიელ ჰაგარი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდების საქმეზე განხილვის დაწყებას გამოეხმაურა. ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ აფრიკამ შეიტანა. სამხრეთ აფრიკის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინელების დევნა არა 7 ოქტომბერს, არამედ 76 წლის წინ დაიწყო.
"ამ დღეებში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით სამართლიან ომში. ომი, რომელიც მტერმა შეგნებულად აირჩია, რადგან მან ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და სასტიკი ქმედებები, რომელიც დასავლურ სამყაროში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავთ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.
მისი თქმით, ბევრი სისასტიკე დოკუმენტირებულია "თავად ტერორისტების მიერ, მაგრამ ამის მიუხედავად, მსოფლიოში ბევრი ცდილობს მათ უგულებელყოფას, თითქოს ეს არ მომხდარა".