“როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება, ყველა ფლანგი თანხმდება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური შენობების თუ ნივთების შეურაცხყოფა.
„მთავარია ერთი რამ, ვთანხმდებით თუ არა იმაზე, რომ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობები, ნივთები არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი? ამაზე ვთანხმდებით. მგონი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მეორე მხრივ, თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს შეურაცხყოფა რელიგიური შენობების თუ ნივთების, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია. არსებობს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ ფაქტია, რომ პრევენციისთვის ეს საკმარისი. ვხედავთ, რომ პრევენციულ მიზანს ვერ ასრულებს ის რეგულაციები, რაც ჩვენ გვაქვს, იმიტომ, რომ ის სანქცია, რომელიც რომელიც მოჰყვება ასეთი სახის ქმედებებს, არ არის საკმარისად მკაცრი იმისთვის, რომ მათ შორის პრევენციის მიზანს ემსახუროს. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ახლებური რეგულაცია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების. ამის აღსაკვეთად არის გამიზნული ასეთი რეგულაცია. ეს იქნება საჯარო დისკუსიის საკითხიც, მგონი საზოგადოება, მათ შორის ყველა ფლანგი თანხმდება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური შენობების თუ ნივთების შეურაცხყოფა და მთავარია, ჩვენ შევთანხმდეთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.