თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.