logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: დანიის ელჩი პოზიციას ცვლის - მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება ელჩის ქმედებასთან შესაბამისი არ არის
- +

12 იანვარი. 2024. 17:48

 

 

როცა უცხო ქვეყნის ელჩი პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული არიან, მისი ფუნქციები მიუთითონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დანიურ პრესაში გამოქვეყნებულ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის საავტორო სტატიაზე, სადაც ელჩი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.

 

ქადაგიშვილის თქმით, ელჩმა შეცვალა პოზიცია, რაც არათანმიმდევრული საქციელია.

 

„სიტყვა ოლიგარქს ისე იყენებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით. როცა უცხო ქვეყნის ელჩი პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ასე მოიხსენიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული არიან, ელჩს მიუთითონ, რით იწყება და რით სრულდება მისი ფუნქციები საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამ სახელმწიფოში ელჩი უნდა იყოს და არა – არასამთავრობო ორგანიზაცია. სამწუხაროდ, არცერთი ელჩისგან და არც ოპოზიციის მხრიდან ვანდალურ ქცევაზე არანაირი შეფასება არ გვსმენია. რა თქმა უნდა, ელჩი პოზიციას ცვლის. ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი. თავად მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება ელჩის ქმედებასთან შესაბამისი არ არის“, – განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

 

დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატიასთან დაკავშირებით,  საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner