გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ჰუსიტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ წითელ ზღვაში საერთაშორისო ნაოსნობაზე თავდასხმები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ასეთი თავდასხმები მიუღებელია და საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვს და "უარყოფითად აისახება ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მთელ მსოფლიოში".
ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც თავიანთ გემებს ჰუსიტების თავდასხმებისგან იცავენ, ეს უნდა გააკეთონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და არ გაამწვავონ სიტუაცია.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.