რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. მოსკოვის ამ განცხადებას ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
„ტაივანი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არასოდეს მართავდა ტაივანს. ავტორიტარიზმის შერწყმა ჩინეთსა და რუსეთს შორის ზიანს აყენებს საერთაშორისო მშვიდობას, სტაბილურობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - ნათქვამია წერილში.
მედიის ცნობით, 13 იანვარს ტაივანის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აირჩია პრეზიდენტი პატიოსანი, სამართლიანი და ღია წესით.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამატა, რომ ტაივანი არ დაემორჩილება ჩინეთის ავტორიტარული მთავრობის ზეწოლას.