უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთი იყოს მაგიდასთან, როდესაც „მშვიდობის ფორმულის“ პროცესზე მიმდინარეობს დისკუსიები, რაც რუსეთთან ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ძირითადი პრინციპი. სამწუხაროდ, ჩინეთის წარმომადგენელი აქ არ არის. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შეკრებაა და ველოდებით, რომ მომავალში ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშა ანდრეი ერმაკმა დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრაზე.
როგორც ერმაკმა განმარტა, მისთვის არასდროს არავის უკითხავს ტერიტორიაზე რაიმე კომპრომისის შესახებ.
„მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ლიდერებთან, არასდროს მომისმენია, რომ ვინმეს ჩვენი პარტნიორებიდან, ჩვენი მეგობრებიდან განეხილა რაიმე კომპრომისი, რომელზეც მათ ზუსტად იციან, რომ ჩვენთვის მიუღებელია, მათ შორის ყირიმის საკითხებზე“, – დასძინა ერმაკმა.