„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე - ეს არის ამერიკისა და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები“.
მეგრელიშვილის თქმით, ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობას ესწრაფვის ამერიკა და ევროპა, მაშინ, როცა, რადიკალური ძალები საქართველო - ჩინეთის ურთიერთობაში პრობლემას ხედავენ.
„საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას. ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“.
დოკუმენტის თანახმად: საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად. საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება - ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე - ექსპორტი. ჩვენს ქვეყანას ჩინეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი აქვს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩინეთისთვის საქართველო ევროპულ ბაზართან დამაკავშირებელი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გზა, არამედ ბიზნესის გადმოტანის და ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც შეიცავს ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას ამარტივებს. შეთანხმება, ასევე, მოიცავს ქართული პროდუქციის საბაჟო გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.
პოლიტიკურ უმეცართა მხრიდან (მაგალითად, ერთ-ერთია გრიგოლ გეგელია) ჩინეთთან ურთიერთობა პოლიტიკურ დასავლეთზე რევანშად ფასდება. მას ალბათ არავინ აცნობა, რომ 2023 წლის 9 სექტემბერს იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრემიერი ლი ციანგი ერთმანეთს შეხვდნენ. მელონის ოფისის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა იტალიასა და ჩინეთს შორის ათასწლოვან ისტორიასა და 20-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც „ყველა სფეროში ორ ერს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს“.
ასევე, 2023 წლის 15 ნოემბერს სი ძინპინი შეხვდა ბაიდენს და ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის განახლდება მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები. სი ძინპინმა კი აღნიშნა, რომ მზად არის იყოს აშშ-ის მეგობარი და პარტნიორი. ფაქტია, ჩინეთთან ურთიერთობას ესწრაფვის ამერიკა და ევროპა და საქართველო - ჩინეთის ურთიერთობის პრობლემა რაშია?
ამ ურთიერთობების კრიტიკა უადგილოა და მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ მიზანს ემსახურება, რომელსაც გეგელია და მისთანანი ახმოვანებენ. დროა გასცდეს თქვენი აზროვნება ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ასე 2024 წლის არჩევნებში 3,15 %-საც ვეღარ მიიღებთ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.